ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებზე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა
ვიქტორ ორბანის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებზე თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
მიუხედავად ამისა ხმათა 44.6%-ით ორბანის პარტია პირველ ადგილზე გავიდა - შედარებისთვის 2003 წელს გამართულ ევროპარლამენტის პირველ არჩევნებში ფიდესმა 47.4% აიღო.
საყურადღებოა, რომ მეორე ადგილზე ხმათა 30%-ით ორბანის პარტიის ყოფილი წევრის, პეტერ მადიარის პარტია ტიზსა გავიდა - ეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში უნგრეთის ოპოზიციური პარტიების მიერ ევროპარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია. მადიარის პარტიის ასეთ მაღალ შედეგს არ პროგნოზირებდნენ ეგზითპოლებიც.
უკანასკნელ თვეებში ორბანის გარემოცვის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური სკანდალების ფონზე ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ერთგვარ რეფერენდუმად აღიქმებოდა.
პეტერ მადიარმა არჩევნების შედეგებს უნგრეთის მმართველი პარტიის ვატერლოო უწოდა და განაცხადა, რომ ორბანის ეპოქა სრულდება - "დღეს თითოეული უნგრელისთვის ნათელი გახდა, რომ არ უნდა ეშინოდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ არა 100, 1000 ან 100 ათასი, ჩვენ ვართ მილიონები."
თავის მხრივ გამარჯვება იზეიმა ორბანმაც - "დღეს ჩვენ დავამარცხეთ ძველი ოპოზიცია, ახალი ოპოზიცია და როგორი სახელწოდებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, მომავალშიც აუცილებლად დავამარცხებთ."
გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუსი ანალიტიკური ცენტრის, Political Capital-ის დირექტორი, პეტერ კრეკო არჩევნების შედეგებს მადიარის დიდ წარმატებას და ფიდესის უმძიმეს ჩავარდნას უწოდებს. კრეკოს თქმით, ორბანის პარტიას რეალური კონკურენტი გამოუჩნდა.
კონტექსტი
ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერის პოსტში ჯამში 18 წლის განმავლობაში იკავებდა - პირველი ვადა 1998-2002 წლებში და 2010 წლიდან დღემდე. ამ დროისთვის ორბანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეხუთე ვადაშია. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ პოლიტიკოსი პრემიერობას 2036 წლამდე აპირებს.
ორბანის პოლიტიკური კარიერა მწვავე ანტი-კომუნისტური ინიციატივებით და ლიბერალური პლატფორმით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით პოლიტიკოსმა უარი თქვა ლიბერალიზმზე.
ორბანს ხშირად აკრიტიკებენ ბრიუსელში - კრიტიკის საგანია დემოკრატიული უკუსვლა, უმცირესობების უფლებები, კანონის უზენაესობა და პრესის თავისუფლება.