პარიზის პოლიციამ ქალაქის "ცხელ წერტილებში" საპროტესტო აქციები აკრძალა

პარიზის პოლიციამ შაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვა ორ ცხელ წერტილში აკრძალა.

ამის შესახებ POLITICO წერს.

ბოლო ორი საღამოა, საფრანგეთის მასშტაბით მოქალაქეები საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად აკრიტიკებენ, რომელიც მთავრობამ პარლამენტის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის 49.3 მუხლით მიიღო. ეს მუხლი პრემიერსა და პრეზიდენტს საშუალებას აძლევს პარლამენტის თანხმობის გარეშე კანონპროექტი კანონად აქციოს.

"საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევის სერიოზული რისკების გამო… ნებისმიერი შეკრება… Place de la Concorde-ზე და მის შემოგარენში, ისევე როგორც Champs-Elysées-ზე, აკრძალულია", - თქვა პოლიციამ. "ადამიანებს, რომლებიც იქ შეკრებას შეეცდებიან, პოლიცია სისტემატურად დაშლის და შესაძლოა ისინი დაჯარიმდნენ."

ამ გადაწყვეტილებამ არ შეაჩერა დემონსტრანტები ქუჩაში გამოსულიყვნენ და შაბათს, ნაშუადღევს, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები პარიზის ცენტრში, სხვა წერტილებში შეიკრიბმენ.

საპენსიო რეფორმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. იგი გულისხმობს საპენსიო ასაკის თანდათან მატებას 62-დან 64 წლამდე, ასევე იმ მინიმალური პერიოდის 43 წლამდე გაზრდას, რომლის განმავლობაშიც შენატანები უნდა გაკეთდეს პენსიის სრულად მისაღებად.

პროფკავშირები საპენსიო რეფორმას უსამართლოდ და გაუმართლებლად ხისტად მიიჩნევენ და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები