პენტაგონი შესაძლოა უკრაინას საკუთარი რეზერვებიდან დაეხმაროს

პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისი რეზერვებიდან გადაცემის შესაძლებლობას, რომლის ჯამური თანხაც დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. ადრე თავდაცვის დეპარტამენტი ამ რეზერვების დახარჯვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავდა, თუ ის კონგრესის მიერ მიღებული დაფინანსების პაკეტით დაკომპენსირდებოდა.

ამის შესახებ CNN პენტაგონის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

იმის გამო, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტს კონგრესი ვერ იღებს, დეპარტამენტმა დახმარების გაგზავნის განხილვა თანხების კომპენსაციის გარანტიის გარეშეც კი დაიწყო. CNN-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ საუბრები ამ შესაძლებლობისა და დახმარების გაწევის რამდენიმე სხვა სარეზერვო გეგმის შესახებ სულ უფრო აქტუალური ხდება ბოლო კვირებში, ვინაიდან, ერთის მხრივ, უკრაინის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი კონგრესშია გაჭედილი, ხოლო მეორეს მხრივ, უკრაინის ჯარების მდგომარეობა სულ უფრო რთულდება.

პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი, თუ დამტკიცდება, მოიცავს "კრიტიკულ საბრძოლო მასალებს". მისი თქმით, დეპარტამენტი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ და სად განთავსდეს სამხედრო დახმარება, რათა უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს.

თებერვლის შუა რიცხვებში სენატმა დაამტკიცა ინიციატივა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ. ახლა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ მისმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ის კანონპროექტს კენჭისყრაზე არ დააყენებს.

მიზეზი ის არის, რომ დოკუმენტის ამჟამინდელი ვერსია არ ითვალისწინებს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების ხარჯებს, რასაც ქვედა პალატაში უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკური პარტია დაჟინებით მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები