პენტაგონი: უკრაინა სამივე ფრონტზე სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა
პენტაგონში მიიჩნევენ, რომ უკრაინა ახერხებს სტრატეგიული ამოცანების მიღწევას - ნაგულისხმევია უკრაინის კონტრიერიში ხარკოვის, დონბასისა, ხერსონის რაიონში. ამის შესახებ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ, სელესტა ვილანდერმა განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ უკრაინის გასაოცარ და სტრატეგიულ სამხედრო წარმატებებს ფრონტის სამივე მიმართულებით. როგორც ჩანს უკრაინა თავისი სტრატეგიული მიზნების შესრულების გზაზეა, მაგრამ ხაზს ვუსვამ ამ ამოცანის მიღწევას აშშ-სგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან სამხედრო დახმარების გაგრძელებას მოითხოვს",- განაცხადა ვილანდერმა.
პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრიანის მიერ ქალაქ ლიმანის გათავისუფლება რუსეთის არმიის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სელესტა ვილანდერის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინელების წინსვლა ხერსონის მიმართულებითაც, სადაც მათი მთავარი მიზანი ოკუპანტებისგან დნეპრის დასავლეთ ნაპირის გათავისუფლებაა, რაც პრაქტიკულად საბოლოოდ დაასრულებს რუსეთის ოცნებას ოდესის შტურმზე.