ბოლო ცნობებით უკრაინის არმიამ ხერსონის ფრონტი გაარღვია - რა ვიცით

ბოლო ცნობებით, უკრაინის არმიამ ხერსონის მიმართულებით ფრონტის გარღვევა შეძლო - სხვადასხვა მონაცემებით საუბარია 5-7 კილომეტრამდე წინსვლაზე. 

გათავისუფლებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი. ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა ოკუპანტებს სერიოზულ საშიშროებას უქმნის და ქალაქ ნოვა კახოვკას გათავისუფლების პერსპექტივას ქმნის. 

რა ხდება ხერსონის ფრონტზე

ხერსონის ფრონტის გარღვევის შესახებ პირველი ცნობები რუსმა სამხედრო ბლოგერებმა 2 ოქტომბრის საღამოს გაავრცელეს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის სამხედრო კორესპონდენტის, იური კოტიონოკის თქმით, უკრაინის იერიში დილის 5-6 საათებში დაიწყო, რის შედეგადაც გათავისუფლდა დასახლებული პუნქტები დუდჩანი და ზოლოტაია ბალკა. 

კოტიონოკის თქმით, უკრაინის არმიას 12 კილომეტრიანი წინსვლა აქვთ. 

როგორც ჩანს მალევე განვითარდა უკრაინის იერიში ბერისლავის მიმართულებითაც. რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის არმიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, მათ შორისა: შევჩენკოვე, ლიუბიმოვკა, ოსოკოროვკა, კრეშენოვკე. მალევე ხერსონი-დნეპრის დამაკავშირებელ მაგისტრალზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გამოჩნდა.

მოგვიანებით რუსი ბოევიკი და დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი წერდა, რომ ვითარება დასტაბილურდა, თუმცა მისი თქმით, პაუზა მაღალი ალბათობით იერიშის განახლებამდე უკრაინელების გადაჯგუფებას უკავშირდება. 
 
სტრელკოვის თქმით, ფრონტის ადგილზე აქტიურად მუშაობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო დანაყოფები. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინას მობილიზებული ჰყავს 5-6 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. მათ შორის 1 სრულფასოვანი სატანკო პოლკი, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ტიპის 100 ჯავშანტრანსპორტიორი შედის. 
 
არსებული მონაცემებით სწორედ სატანკო პოლკი ჩადგა იერიშის ავანგარდში.
 
2-დღიანი დუმილი ცოტა ხნის წინ დაარღვია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ - ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია -  "მოწინააღმდეგემ აღმატებული სატანკო ძალებით ჩვენი თავდაცვის ხაზის სიღრმეში გამაგრება შეძლო". 
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელების იერიშის დაწყების შემდეგ, ოკუპანტები წინასწარ მომზადებულ თავდაცვით ზღუდეებზე გამაგრდნენ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც წერენ, რომ "ფრონტზე ვითარება კრიტიკულია და მალე შესაძლოა კატასტროფულში გადაიზარდოს". 
 

რას ამბობენ უკრაინელები

ამ დროისთვის უკრაინული მხარე მხოლოდ 2 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყება, ესენია: მიროლიუბივკა და  ალექსანდროვკა.

ამ დასახლებული პუნქტების გათავისუფლება ღამის მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა. მალევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც უკრაინის 128-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები მიროლუბოვკის ყველაზე მაღალ წერტილზე უკრაინის სახელმწიფო დღოშას ამაგრებენ. 

ცოტა ხანში გავრცელდა სამხრეთის სარდლობის ოფიციალური შეტყობინებაც, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის რაიონში ოკუპანტების СУ-25 ჩამოაგდეს. 

სულ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტების 1 ვერტმფრენი და 8 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. 

უკრაინის სამხრეთის მიმართულების სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამხედროები მოუწოდებენ მოსახლეობას არ გაავრცელონ ნაადრევი ცნობები უკრაინის არმიის იერიშზე და დასახლებული პუნქტების გათავისუფლებაზე. 

რას მოასწავებს ფრონტის გარღვევა 

რუს სამხედრო ბლოგერებს შორის არსებობს კონსენსუსი, რომ ამ მიმართულებით უკრაინის არმიის მთავარი ამოცანა ნოვა კახოვკის დამბასთან გამაგრებაა, რაც უშუალოდ ქალაქ ნოვა კახოვკას გათავისუფლების პერსპექტივას იძლევა. 

ამ ამოცანის შესრულების შემთხვევაში ეს ხერსონის ფრონტზე უკრაინის არმიის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება. ნოვა კახოვკა ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 

45-ათასიანი ქალაქი ოკუპანტებმა ომის დაწყების პირველივე დღეს დაიკავეს. ნოვა კახოვკას ხერსონის ფრონტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს - ნოვა კახოვკა ხერსონიდან 58 კილომეტრითაა დაშორებული. 

ქალაქის გათავისუფლება უკრაინელ მებრძოლებს ქალაქ ხერსონისთვის მომავალ ბრძოლაში მნიშვნელოვან პლაცდარმს მისცემს. 

მსგავსი სიახლეები