პიტერ სტანო: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი
ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერი პეტერ სტანო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა.
"მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებულ შემაშფოთებელ უკანასკნელ ცნობებს, ევროკავშირი თვალს აქტიურად ადევნებს. საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოს"- აღნიშნა სტანომ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო დღეების განმავლობაში, საერთაშორისო მედიისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების ქვეშ, არაერთხელ მოექცა.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც სასჯელის გადავადებას ან სრულად გათავისუფლებას ეხება, სასამართლომ 9 დეკემბერს უნდა იმსჯელოს.