პოლონელი ევროპარლამენტარი ევროპულ საჰაერო სივრცეში ბელავიას აკრძალვას ითხოვს
პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპარლამენტარმა რადისლავ სიკორსკიმ ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარს, ადინა ვალეანის ტვიტს უპასუხა. ვალეანი წერდა, რომ ბელარუსიდან “რაინეიარის” თვითმფრინავის გამოფრენა ბორტზე მყოფების ოჯახებისთვის და მეგობრებისთვის შესანიშნავი ამბავია.
სიკორსკიმ კი ევროკომისარს უპასუხა:
“კომისარო, თქვენგან “ბელავიას” (ბელარუსის ავიახაზებს) ევროპული ავიასივრციდან აკრძალვას ველი იქამდე, სანამ პრატასევიჩი არ განთავისუფლდება. ბელარუსულმა MIG-29-ებმა საფრთხე შეუქმნეს ევროპელი მოქალაქეების სიცოცხლეს ევროკავშირის დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური დევნილის უკანონოდ დასაკავებლად.”
ევროკომისრის ტვიტს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანიც გამოეხმაურა:
“რამან პრატასევიჩი ბორტზეა? თუ არა, ეს ტვიტი აბსოლუტურად სამარცხვინოა...”
---------------------------
ბელარუსის ხელისუფლებამ ცნობილი აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავების მიზნით "რაინეარის" რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბელორუსი აქტივისტი მომენტალურად დააკავეს, რასაც პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია და საკუთარი ანტი-სამთავრობო საქმიანობის გამო ბელარუსში აღარ ცხოვრობდა. იგი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ბელარუსული მხარის იძულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაფრინდა.