პოლონეთი აცხადებს, რომ მზადაა ბელორუსი "სრულად მოწყვიტოს“ ევროპიდან
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ ბელორუსის საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შემთხვევაში, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები მზად არიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმისთვის.
ამის შესახებ კამინსკიმ TVP1-ის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ მინსკს ძალიან მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ. ნებისმიერ პროვოკაციას პოლონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის საზღვარზე მოჰყვება ხანგრძლივი შედეგები ბელორუსის რეჟიმისთვის. სიგნალი იყო ძლიერი, ცალსახა." - აღნიშნა მან.
მინისტრმა ასევე გაიხსენა პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება ბელორუსთან საზღვრის სრულად დახურვის შესახებ, "კრიტიკული ინციდენტის" შემთხვევაში.
"თუ იქნება პროვოკაცია, თუ იქნება კრიტიკული ინციდენტი, მაშინვე დაიხურება ბელორუსის ყველა სასაზღვრო პუნქტი ევროპასთან, ევროკავშირთან. ის, რაც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს: სამანქანო გზა, სარკინიგზო, სამგზავრო, სატვირთო. ყველაფერი. მთლიანად მოწყდება ბელორუსი ევროპას." - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეშფოთებული არიან ბელორუსის საზღვარზე არსებული ვითარებით, რადგან გასულ თვეში "ვაგნერის" ასობით დაქირავებული მებრძოლი ლუკაშენკოს მიწვევით ქვეყანაში ჩავიდა.