პოლონეთი გერმანიისგან $1.3 ტრილიონის რეპარაციას ითხოვს
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების შეჭრისა და მისი ქვეყნის ოკუპაციისთვის გერმანიისგან 1.3 ტრილიონი დოლარის რეპარაციებს მოითხოვს.
"კანონისა და სამართლიანობის" პარტიის ლიდერმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 83 წლის თავზე ანგარიში წარადგინა ნაცისტური ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზიანის შესახებ.
"ჩვენ არა მხოლოდ მოვამზადეთ ანგარიში, არამედ მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი ნაბიჯების შესახებ", - განაცხადა კაჩინსკიმ ანგარიშის პრეზენტაციისას.
"ჩვენ მივმართავთ გერმანიას რეპარაციების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად", - თქვა კაჩინსკიმ და დასძინა, რომ ეს იქნება "გრძელი და რთული გზა", მაგრამ "ერთ დღეს წარმატებას მოიტანს".
პოლონეთის მემარჯვენე მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყანას, რომელიც ომის პირველი მსხვერპლი იყო, სრულად არ აუნაზღაურა მეზობელმა გერმანიამ ის ზიანი, რაც ომისას მიაყენა.
გერმანია ამტკიცებს, რომ კომპენსაცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ომის შემდგომ წლებში გადაიხადეს, ხოლო ტერიტორიები, რომლებიც პოლონეთმა დაკარგა აღმოსავლეთში საზღვრების გადახედვისას, კომპენსირებულია გერმანიის ომისწინა მიწებით. ბერლინი ამ საკითხს დახურულს უწოდებს.
პოლონეთის ლიდერები, მათ შორის კაჩინსკი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება და პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, დაესწრნენ ანგარიშის საზეიმო გამოცემას ვარშავაში, სამეფო სასახლეში, რომელიც ომის დროს აშენდა.
ანგარიში ომის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რომელიც 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრით დაიწყო, რასაც ხუთ წელზე მეტი სასტიკი ოკუპაცია მოჰყვა.
2017 წლიდან მასზე 30-მდე ეკონომისტი, ისტორიკოსი და სხვა ექსპერტი მუშაობდა. ამ საკითხმა ორმხრივი დაძაბულობა გამოიწვია.