პოლონეთის ოპოზიცია სენატის არჩევნებისთვის გაერთიანდა

პოლონეთის ოთხმა უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ - სამოქალაქო კოალიცია, ახალი მემარცხენეები, პოლონეთის გლეხთა პარტია (PSP) და პოლონეთი 2050 - ხუთშაბათს სენატის, პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობის შესახებ შეთანხმება გამოაცხადეს.

ამ ინფორმაციას TVN24 ავრცელებს.

ე.წ. სენატის პაქტს ხუთშაბათს, სენატის შენობაში ხელი მოაწერეს სამოქალაქო კოალიციის ლიდერმა დონალდ ტუსკმა, ახალი მემარცხენეების თანათავმჯდომარეებმა ვლადიმერზ ზარზასტიმ და რობერტ ბიედრონმა, გლეხთა პარტიის პრეზიდენტმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამისმა და პოლონეთი 2050-ის თავმჯდომარე შიმონ ჰოლოვნანიამ.

სამოქალაქო კოალიციის სენატორმა ზიგმუნტ ფრანკევიჩმა აღნიშნა, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ შეთანხმებას მიაღწია 100-ვე საარჩევნო ოლქში სენატორების ერთიანი კანდიდატების წარდგენის შესახებ. ეს მათ რაც შეიძლება მეტი ხმის მიღებაში უნდა დაეხმაროს.

"დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენ მოვახერხეთ სენატის ერთობლივ სიაზე შეთანხმება ურთიერთპატივისცემით და ერთმანეთის პოზიციების გაგებით, ასევე გაგვიადვილდება არჩევნების შემდეგ თანამშრომლობაზე შეთანხმება," - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა დონალდ ტუსკმა.

სეიმის არჩევნებისგან განსხვავებით, პოლონეთის სენატის არჩევნები მაჟორიტარული წესით ტარდება, სადაც გამარჯვებისთვის ხმების უბრალო უმრავლესობაც საკმარისია.

პოლონეთის ოპოზიცია 2019 წლის წარმატების გამეორებას ელის, როდესაც მას სენატში ხმათა უმრავლესობის მოპოვებაში კოორდინაცია დაეხმარა.

კონტექსტი

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდება. პოლონელები ოთხი წლის ვადით სეიმის 460 დეპუტატს და 100 სენატორს აირჩევენ.

2023 წლის არჩევნებზე მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა, სავარაუდოდ, 2014 წლის შემდეგ პირველად დაკარგავს უმრავლესობას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პირველ ადგილზე მმართველი პარტიაა 33.8%-ით, მას მოსდევს დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია - 27.5%, მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია კონფედერაცია - 10.9%, მეოთხეზე ცენტრისტული კოალიცია მესამე გზა (პოლონეთი 2050-ის და გლეხთა პარტიის გაერთიანება. - რედ.) - 9.3% და მას მოსდევს ახალი მემარცხენეები - 8.8%.

იმ შემთხვევაში, თუ კანონი და სამართლიანობა უმრავლესობისთვის საკმარის მანდატებს ვერ მოიპოვებს, არის შანსი, რომ მას ულტრამემარჯვენე და ანტიუკრაინული პარტია კონფედერაციის ხმები დასჭირდეს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე.

აღნიშნული პარტიის რეიტინგის ზრდა პოლონეთის რურალურ მოსახლეობაში უკრაინული ხორბლის იმპორტით არსებულმა უკმაყოფილებამ და მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტის მიღებამ გამოიწვია.

ცხადია, ამ ტიპის კოალიციის გარდა არსებობს დონალდ ტუსკის პოლიტიკური ბლოკის, მესამე გზისა და ახალი მემარცხენეების მიერ მთავრობის ჩამოყალიბების შანსიც.

მსგავსი სიახლეები