პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა რუსულ გაზს "ევროპის წყევლა" უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანია წარსულში მისი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო.
"ეს თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის წყევლა გახდა მთელი ევროპისთვის", - თქვა მორავიეცკიმ ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე.
მისი თქმით, ახლა ეს ყველა ქვეყანას შეუძლია ნახოს. "ისინი ხედავენ გერმანული პოლიტიკის, გერმანულ-რუსული პოლიტიკის ფიასკოს", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. ამავე დროს, მან ევროპულ სახელმწიფოებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდა.
მატეუშ მორავიეცკიმ ასევე შეშფოთება გამოთქვა, რომ ბელორუსი სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის სამხედრო ბაზა. მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას და დასძინა, რომ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გავრცელდეს ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სექტორებზე.
გარდა ამისა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - ასევე ითხოვენ რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას ბირთვული ენერგიის სფეროში, რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას და ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვის შეწყვეტას.