მორავიეცკი: უკრაინის ომის გამო, პოლონეთი და უნგრეთი ერთმანეთს დაშორდნენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ომისადმი განსხვავებული დამოკიდებულების გამო, პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყარა. ამის შესახებ მან 29 ივლისს პოლონელ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ციტირებს მას Gazeta Prawna.

მან კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, რომ უკრაინის ომმა "პოლონეთ-უნგრეთის ურთიერთობები შეარყია".

"ვადასტურებ პრემიერ-მინისტრ ორბანის სიტყვებს, რომ პოლონეთისა და უნგრეთის გზები გაიყარა", - განაცხადა მორავიეცკიმ.

ამასთან, მან დასძინა, რომ პოლონეთი არ მონაწილეობს ომში და იარაღს იმისთვის აწვდის უკრაინას, რომ სუვერენიტეტის დაცვა და რუსული აგრესიის მოგერიება შეძლოს.

"ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა გადარჩეს და შეინარჩუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი. მე მჯერა, რომ ეს მოხდება", - დასძინა მორავიეცკიმ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მან არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება და დაბლოკა ნავთობის ემბარგოს შემოღება. უნგრეთი ასევე უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, არ ეთანხმება იარაღის გადაცემას მისი ტერიტორიის გავლით.

რუსეთის აგრესიის მიმართ ამ პოზიციის გამო, 30 მარტს პოლონეთის მმართველმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" გაწყვიტა ორბანის პარტია Fidesz-თან კონტაქტები.

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ 8 აპრილს განაცხადა, რომ პოლონეთი არ ითანამშრომლებს უნგრეთთან, თუ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

მსგავსი სიახლეები