მწყინს, რომ ორბანმა წააგო. მომავალ პრემიერთანაც კარგად ვიმუშავებთ - ჯეი დი ვენსი
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ვიზიტი უნგრეთში სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ორბანი აშშ-ს კარგი პარტნიორი იყო.
ვითარების არსი: 7 აპრილს, საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მანამდე, 25 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "Truth Social-ზე" ორბანს საჯაროდ დაუჭირა მხარი.
- "ვფიქრობ, ვიქტორ ორბანი შესანიშნავი პიროვნებაა, რომელმაც საქმე ძალიან კარგად გააკეთა. ვფიქრობ, მისი მემკვიდრეობა უნგრეთში, მისი ტრანსფორმაციული 16 წელი, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ქვეყანა... თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ (ვიზიტი უნგრეთში), ის არ იყო, რომ გამოკითხვების წაკითხვა არ შეგვიძლია - ჩვენ ნამდვილად ვიცოდით, რომ არსებობდა ვიქტორის დამარცხების დიდი შანსი - არამედ ის, რომ იგი იმ მცირერიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორისაა, ვინც მზად აღმოჩნდა წინ აღდგომოდა ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც ძალიან ცუდი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის." - განაცხადა ვენსმა "Foxnews-თან".
- "მაგალითად, როდესაც ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატი თავს ესხმის ამერიკულ კომპანიას, ხანდახან ერთადერთი ხმა ამის "წინააღმდეგ", ერთადერთი ხმა ამერიკული ინტერესების დასაცავად - სწორედ ვიქტორ ორბანის იყო. ჩვენ იქ იმის მოლოდინით არ წავსულვართ, რომ ვიქტორი არჩევნებში მარტივად გაიმარჯვებდა, წავედით იმიტომ, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი - დავდგომოდით გვერდით ადამიანს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა." - ამბობს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
დეტალები: ჯეი დი ვენსმა ამ საკითხზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კითხვა ეხებოდა, რამდენად ღირდა უნგრეთში ჩასვლა, იმის ფონზე, რომ ორბანი არჩევნებში დამარცხდა და, ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ ევროპელ ლიდერად მიიჩნევა.
- "ეს არ ეხებოდა რუსეთს და, ფუნდამენტურად, არც ევროპას. ეს ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და იმ ფაქტს, რომ ის კარგი პარტნიორი იყო პირადად ჩემთვის, პრეზიდენტისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის. მწყინს, რომ მან წააგო. დარწმუნებული ვარ, მომავალ პრემიერ-მინისტრთანაც ძალიან კარგად ვიმუშავებთ, მაგრამ ეს სულაც არ იყო ცუდი ვიზიტი, რადგან ღირს ადამიანების გვერდით დგომა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ბრძოლას ვერ იგებ." - თქვა ვენსმა ამავე ინტერვიუში.
დიდი სურათი: 12 აპრილს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია "Fidesz" დიდი სხვაობით დამარცხდა პიტერ მადიარის პარტიასთან "Tisza", რითაც ქვეყანაში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, მადიარის პარტიას 138 მანდატი ექნება.
ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა და ბევრი დამკვირვებლის აზრით, მან ქვეყანა მნიშვნელოვნად გადახარა ავტორიტარული მმართველობისკენ.
რაც შეეხება პიტერ მადიარს - იგი დიდი ხნის განმავლობაში ორბანის გარემოცვის წევრი იყო, თუმცა 2024 წელს მას დაუპირისპირდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი გააკეთა, რომელმაც თავდაპირველად, ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა.