მორავიეცკის თქმით, პოლონეთში არჩევნებთან ერთად მიგრაციაზე რეფერენდუმი ჩატარდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ევროკავშირის მიგრაციის შეთანხმებაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

ამის შესახებ Polskie Radio წერს.

მორავიეცკის ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა მმართველმა პარტიამ არჩევნებთან ერთად, ევროკავშირის მიგრაციის შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს.

"მე შემიძლია დავადასტურო: ჩვენ ვგეგმავთ (საპარლამენტო არჩევნების და მიგრანტების შესახებ რეფერენდუმის - რედ.) ერთდროულად ჩატარებას, რათა შემცირდეს ხარჯები. მოგეხსენებათ, არჩევნების ჩატარება და ცალკე რეფერენდუმი არის დამატებითი, თითქმის იგივე პროცესი," - უპასუხა მორავიეცკიმ.

მიგრაციული შეთანხმების რეფერენდუმზე დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობის შესახებ, პრემიერმა თქვა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მიგრაციის საკითხის წარდგენას გეგმავენ და მისი ფორმულირება ჯერ დადგენილი არ არის.

ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში ჩასული მიგრანტების სხვადასხვა ქვეყნებში განაწილების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი და უნგრეთი წინააღმდეგი იყვნენ, შეთანხმების მისაღწევად კვალიფიციური უმრავლესობა საკმარისი იყო.

ამის შემდეგ პოლონეთმა გამოაცხადა, რომ ევროპული გეგმის დაბლოკვას გეგმავს.

პოლონეთის მმართველი პარტიის, კანონი და სამართლიანობის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ მიგრანტების განაწილების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები