პოლონეთმა უპასუხა ლუკაშენკას მოულოდნელ სურვილს "გაუმჯობესდეს ურთიერთობები"

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას მოულოდნელ განცხადებას ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის შესახებ.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ განაცხადა.

"თუ ბელორუსს სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს პოლონეთთან, მაშინ ამის გზა ძალიან მარტივია. შეაჩერეთ თავდასხმები ჩვენს საზღვარზე, გაათავისუფლეთ ანჯეი პოცობუტი და სხვა პატიმრები - 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ბელორუსის ციხეებში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მხოლოდ ბელორუსის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები იღებენ.

"ჩვენ არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია მტრული ზრახვები ბელორუსის მიმართ. ჩვენ არ ვაპირებთ ცუდი ურთიერთობების შენარჩუნებას ბელორუსთან, პირიქით, გვსურს, რომ ის მაქსიმალურად კარგი იყოს, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლებაა ის, ვინც იქცევა ისე, როგორც იქცევა და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ცუდი ურთიერთობა. მხოლოდ ბელორუსია პოლონეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა," - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ლუკაშენკამ პარასკევს მინსკში განაცხადა, რომ მზადაა ბელორუსულ-პოლონური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

"ჩვენ მეზობლები ვართ და მეზობლები ერთმანეთს არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან არიან," - თქვა ბელორუსის დიქტატორმა.

წარსულში ლუკაშენკამ პოლონეთი ბელორუსის წინააღმდეგ აგრესიის მომზადებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები