პოლონეთში აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები ჩატარდა

ოთხშაბათს პოლონეთის ქალაქებში მასიური დემონსტრაციები ჩატარდა აბორტის ამჟამინდელი აკრძალვის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები კანონის შემსუბუქებას ითხოვენ. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგს: "მეტი არა!"

ამ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მაისის ბოლოს დაგვიანებული პროცედურის გამო კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.

33 წლის დოროტა ლალიკე, რომელიც მეხუთე თვის ორსული იყო, საავადმყოფოში ნაადრევი მშობიარობისას გადაიყვანეს. საშიშროების მიუხედავად, ექიმებმა ნაყოფი არ ამოიღეს. ნაყოფი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ოპერაციაზე გადაწყვეტილება მესამე დღესაც არ მიიღეს, როდესაც პაციენტს სისხლის მოწამვლა განუვითარდა. პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ ქალი გარდაიცვალა.

ეს არ არის პოლონეთის საავადმყოფოებში ფეხმძიმე ქალების გარდაცვალების პირველი შემთხვევა.

2021 წელს, ქალაქ ფსინაში 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მისი არდაბადებული ბავშვიც, განვითარების მძიმე დარღვევით, საშვილოსნოში გარდაიცვალა, მაგრამ ექიმებმა აბორტი გადადეს, ქალი კი ტოქსიკური შოკით გარდაიცვალა.

მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები ქვეყნის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა. პრესამ კიდევ ხუთი ასეთი შემთხვევის შესახებ დაწერა, აბორტის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ.

კონტექსტი

1993 წელს მიღებული კანონის თანახმად, პოლონეთში ორსულობის შეწყვეტა დაშვებული იყო გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაში, თუ ორსულობა და მშობიარობა საფრთხეს უქმნიდა დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ასევე თუ ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა.

მოგვიანებით, ბოლო პუნქტი კანონმდებლობისგან ამოიღეს. ამან ქვეყანაში აბორტის თითქმის სრული აკრძალვა გამოიწვია, რადგან სწორედ ამ მიზეზით აძლევდნენ ქალებს ყველაზე ხშირად ორსულობის შეწყვეტის უფლებას. 

უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, პოლონელი ექიმები ხშირად ყოყმანობენ ორსულობის შეწყვეტაზე, მაშინაც კი, როცა ეს ჯანმრთელობის მიზეზების გამო აუცილებელია.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ თუ აუდიტი გადაწყვეტს, რომ პროცედურის 100%-იანი აუცილებლობა არ არსებობდა, ექიმებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის მუხლი "აბორტში დახმარება", რომლის მიხედვითაც ისჯებიან უფლებადამცველი ორგანიზაციების მოხალისეები, რომლებიც ეხმარებიან პოლონელებს, მაგალითად, მეზობელ ქვეყნებში აბორტის გასაკეთებლად წასვლაში.

მსგავსი სიახლეები