პოლონეთის მმართველმა პარტიამ არჩევნებისთვის ორბანის მრჩევლები დაიქირავა - Polityka
პოლონეთის მმართველმა პარტიამ - კანონი და სამართლიანობა (PiS), საარჩევნო კამპანიისთვის ჯერ კიდევ ზაფხულში დაიქირავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მრჩევლები.
ამის შესახებ პოლონური გამოცემა Polityka რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომელიც დაკავშირებულია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან.
გამოცემა წერს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლონური პარტიის უნგრელი მრჩევლები ივნისში გამოჩნდნენ, როდესაც ევროპარლამენტის წევრი ტომაშ პორენბა საარჩევნო შტაბის უფროსის პოსტიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ კამპანიაზე თავისი გავლენა გაზარდა.
Polityka-ს თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ მრჩევლები ფიზიკურად არ გამოჩენილან PiS-ის შტაბ-ბინაში, მაგრამ "დიდი გავლენა მოახდინეს კამპანიის მსვლელობაზე."
სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ მათ შესთავაზეს კაჩინსკის პარტიას კამპანიის ფოკუსის მიგრანტების საკითხზე გადატანა და ასევე არჩევნების დღეს რეფერენდუმის ჩატარების იდეა გამოთქვეს. იგივე ტექნოლოგია ორბანმა გამოიყენა 2022 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნებზე.
გარდა ამისა, პოლონეთის ოპოზიციის ლიდერზე, დონალდ ტუსკზე აქტიური თავდასხმის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია უნგრელების, ასევე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის რჩევებთან, რადგან ფიდესმა (ორბანის პარტია. - რედ.) ელექტორატის მობილიზება ჯორჯ სოროსზე თავდასხმებით შეძლო.
"ისინი (უნგრელი მრჩევლები. - რედ.) ამტკიცებდნენ, რომ საკმარისია ჩვენს სტრატეგიაში გადავიტანოთ ის, რაც მათ გამოადგათ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მათ უბრალოდ არ გაითვალისწინეს პოლონეთის საარჩევნო სპეციფიკა და საზოგადოებრივი განწყობა." - განუცხადა გამოცემას კანონი და სამართლიანობის წევრმა.
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს.
ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური ძალა და ბლოკი შევიდა: მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა - 35.38%, მთავარი ოპოზიციური ბლოკი სამოქალაქო კოალიცია - 30.70%, მესამე გზა - 14.40%, მემარცხენეები - 8.61% და ულტრამემარჯვენე კონფედერაცია - 7.16%.