პოროშენკო: ზელენსკის კრიტიკა უადგილოა, ერთიანობა გვჭირდება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პეტრო პოროშენკო თეთრ სახლში მომხდარ სკანდალურ შეხვედრას გამოეხმაურა.
"ვინც ელოდა, რომ პოროშენკო ზელენსკის კრიტიკას დაიწყებდა - ეს არ არის ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება, დღეს უკრაინას სჭირდება ერთიანობა"- განაცხადა პოროშენკომ.
კონტექსტი
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა.
მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.
ზელენსკიმ ვენსს განუმარტა, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, პუტინმა არაერთი შეთანხმება დაარღვია სხვადასხვა პრეზიდენტის პირობებში და რა დიპლომატიაზე შეიძლება ასეთ ვითარებაში საუბარი.
"მთელი პატივისცემით ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ თქვენ ცოცხალი ძალის დანაკლისი გყავთ, თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ არ უნდა ესხმოდეთ თავს იმ ქვეყნის ლიდერებს, რომელიც ომის შეჩერებაში უნდა დაგეხმაროთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო "კარტები" და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს.
"თქვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის შეიარაღება, კი, თქვენ ძალიან მამაცი ხალხი გყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ომი 2 კვირაც არ გაგრძელდებოდა" - მიუგო ტრამპა ზელენსკის.
ჟურნალისტებთან საუბრის ნაწილის შემდეგ, მხარეები ცალკეულ ოთახებში განლაგდნენ, რის შემდეგ ცოტა ხანში უკრაინულ დელეგაციას განუმარტეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა და უნდა დაეტოვებინათ თეთრი სახლი.
გაუქმდა ჩანიშნული პრესკონფერენცია, ასევე მწირმიწების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია.