პრაისი: დავაკვირდებით, რომ ქართველების სურვილის მოწინააღმდეგეებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ

7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის მიღება მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

"ღრმა მწუხარების გრძნობა გვაქვს. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენგან ხშირად გესმოდათ ამ გრძნობის შესახებ. ღრმა მწუხარების გრძნობაა ამ კანონონპროექტის შესაძლო ეფექტების გამო.

ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის, კონსოლიდირებული დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, უფრო ნათელი მომავლისთვის. იგი დამოუკიდებელ ხმებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც არაფრის გაკეთება სურთ, გარდა ერთად მუშაობისა, რათა უფრო ნათელი მომავალი შექმნან. მომავალი, რომელიც ევროპასთან ინტეგრირებულია, დემოკრატიულია, თავისუფალია, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა.

ასევე ღრმად ვართ შეშფოთებულები იმის გამო თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას ქართველი ხალხისთვის, მაგრამ იმიტომაც, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ მაშინვე მის გვერდით იყო, მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ წლებში ეს მისწრაფებები, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა არაფერი იყო, ვიდრე იდეა. ათწლეულების განმავლობაში ქართველმა ხალხმა გაიაზრა ეს მისწრაფებები, დიდ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ამ ადრეული წლებიდან ფიქრობდნენ, ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციაში და დარწმუნებაში, რომ საქართველო ამ გზაზე რჩება.

თუმცა ახლა ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკან დახევა იქნება. ეს იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებების მხრივ უკან დახევა, უკან დახევა იქნება აშშ-ის შესაძლებლობაში განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა.

ნებისმიერი, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ამ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაზე. არ გვსურს ამის ნახვა. აშშ-ის გარდა ეს არის ევროკავშირი, გაერო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. ყველა მათგანმა ამ კანონპროექტის შესახებ ძალიან ძლიერი შეშფოთება გამოხატეს", - თქვა პრაისმა.

გარდა ამისა, პრაისმა კანონპროექტის მხარდამჭერების და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

"როგორც იცით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ ხალხზე ან პირებზე, ვისაც შესაძლოა აშშ-ის ან სხვა სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს რიგი საშუალებები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერი პირს, ნებისმიერ ადგილას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა საყოველთაო შეზღუდვაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონებსა და აღმასრულებელ განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ კონტექსტში, ყურადღებით დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და პირველ რიგში იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი საყოველთაო უფლებებით." - თქვა სახელმწიფო დეპრტამენტის პრესსპიკერმა.

მსგავსი სიახლეები