პრიგოჟინი: თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტი მოატყუა
"ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "საზოგადოების და პრეზიდენტის" მოტყუებაში დაადანაშაულა.
მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მონოლოგში მან განაცხადა, რომ უკრაინაში ომი "საჭირო იყო შოიგუს მიერ მარშალის (ტიტულის - რედ.) მისაღებად" და ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს "მოყვეს ამბავი, რომ უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი იყო გიჟური აგრესია და ისინი აპირებდნენ ჩვენზე თავდასხმას ნატოს მთელი ბლოკით."
მისი თქმით, 2014-დან 2022 წლამდე დონბასს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სპეცსამსახურების, ასევე ოლიგარქების წარმომადგენლები ძარცვავდნენ.
2023 წლის ივნისში "ვაგნერის" დამფუძნებელმა უარი თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებაზე, რომელზე ხელის მოწერაც ყველა "მოხალისე რაზმს" მოეთხოვება.