პუტინი: დასავლეთმა დაუყოვნებლივ უნდა მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ გაცემას“ სთხოვს.

ტრადიციულ წინასაახალწლო პრესკონფერენციაზე, რომლის განმავლობაშიც რუსეთის ლიდერი ჟურნალისტების წინასწარ მომზადებულ კითხვებს პასუხობდა, პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მ რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემები განათავსა.

სავარაუდოდ, პუტინი Aegis Ashore-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს გულისხმობდა, რომელიც ამერიკამ ნატოს მოკავშირეების ტერიტორიაზე განათავსა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ აღნიშნული სამხედრო ინფრასტრუქტურა ევროპის ირანული სარაკეტო შეიარაღებისგან დაცვას ემსახურება.

რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების რაუნდიც ახსენა, რომელიც, სავარაუდოდ, ჟენევაში მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

________________________

17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნების ვრცელი სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრემლი დასავლეთს ნატოს გაფართოებაზე უარის თქმას და, ფაქტობრივად, პოსტ-საბჭოთა სივრცის რუსეთის გავლენის სფეროდ დაკანონებას სთხოვს.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ რუსეთის მოთხოვნები დასავლურ ღირებულებებთან „შეუთავსებელია“, თუმცა დიალოგს, როგორც ვითარების დეესკალაციას საშუალებას, მაინც განიხილავენ.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების მასშტაბური მობილიზაცია მოახდინა.

დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, კრემლმა შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში უკრაინაში ხელახალი სამხედრო ინტერვენცია სცადოს.

მსგავსი სიახლეები