პუტინი: დასავლეთმა რუსეთის მთავარ წუხილებს არ უპასუხა
28 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე „ყურადღებით შეისწავლის“ კრემლის მოთხოვნებზე ამერიკის და ნატოს წერილობით პასუხებს.
პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კრემლის „პრინციპული წუხილები“ ნატოს გაფართოებასთან და რუსეთის მეზობლად თავდასხმითი შეიარაღების სისტემების განთავსების შესახებ უპასუხოდ დატოვა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სამხედრო ინფრასტრუქტურის გაყვანაზე უარს აცხადებს.
მაკრონთან საუბარში პუტინმა ხაზი გაუსვა მინსკის II შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, რაც „ლუჰანსკთან და დონეცკთან პირდაპირ დიალოგს და დონბასის სამართლებრივი სტატუსის გაფორმებას მოიცავს.“
ნორმანდიის ფორმატში რუსეთის, უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლები ერთმანეთს 26 იანვარს შეხვდნენ.
შეხვედრა პროგრესის გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეები ორ კვირაში შემდეგი რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნების ვრცელი სია გაავრცელა, რომელშიც კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გადასინჯვას მოითხოვდა.
ბოლო დროს უკრაინის საზღვრებთან რუსული შეიარაღებული ძალების მასშტაბური თავმოყრის ფონზე სულ უფრო მატულობს კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლების საფრთხე.
გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრა „აშკარად“ სავარაუდოა.