საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის გამო დააკავეს

საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, კუნძულ კრეტაზე მდებარე სუდის ყურის სამხედრო-საზღვაო ბაზასთან დაკავშირებული სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის გამო, დაკითხვაზე საქართველოს მოქალაქე გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა "Ekathimerini" ავრცელებს.

ვითარების არსი: როგორც ბერძნული მედია წერს, აღნიშნული პირი საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის (EYP) მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და ის ათენის აეროპორტში ჩაფრენისთანავე დააკავეს.

  • ოფიციალური პირების განცხადებით, გამომძიებლებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც ჯაშუშობის ეჭვს ამყარებს, თუმცა გამოძიების დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროდება.

დეტალები: საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წყაროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ტელეფონში აღმოჩენილია აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები. ამასთან, მათივე ინფორმაციით, გამოძიება სწავლობს მობილური აპლიკაციის საშუალებით ბრალდებულის შესაძლო კავშირებს ირანში მყოფ პირთან.

  • "Reuters-ის" ცნობით, 36 წლის საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდის ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში იმყოფებოდა. წყაროების ცნობით, მას წარდგენილი ბრალდებების საპასუხოდ ჯერჯერობით ჩვენება არ მიუცია.

საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს მსგავსება 2025 წლის ზაფხულში მომხდარ შემთხვევასთან, როდესაც სუდას სამხედრო ბაზაზე ჯაშუშობის ბრალდებით აზერბაიჯანის 26 წლის მოქალაქე დააკავეს.

ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით იმავე პერიოდში, კვიპროსის სამართალდამცავებმა პაფოსში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ლიმასოლსა და პაფოსში მდებარე სამხედრო ობიექტებისთვის ფოტოების გადაღებაში იყო ეჭვმიტანილი. საქმის მასალებში არსებული დოკუმენტები მიუთითებს ბრალდებულის სავარაუდო კონტაქტზე "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან".

ბერძენი მაღალჩინოსნების ვარაუდით, ეს შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს უფრო ფართო ქსელთან, რომელიც ირანის მითითებით მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები