ავსტრია რუსი ჯაშუშების ბუნაგად გადაიქცა - WSJ
აშშ-სა და ევროპაში აღშფოთებულები არიან ავსტრიაში რუსი ჯაშუშების აქტიურობით, სადაც, კანონმდებლობის მიხედვით, ისინი ფორმალურად არაფერს აშავებენ, სანამ არ მოქმედებენ ავსტრიის წინააღმდეგ.
ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ავსტრიის სპეცსამსახურების თანამშრომლებზე დაყრდნობით.
ათზე მეტ ავსტრიელ ოფიციალურ პირთან და რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აშშ-ს პოლიტიკოსებთან საუბრის შემდეგ, WSJ წერს, რომ ვენა, რუსებისთვის, იატაკქვეშა ოპერატიული საქმიანობის ბაზად არის ქცეული. მათი თქმით, სწორედ ავსტრიაში მყოფი რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები უწევენ ფინანსურ და ლოგისტიკურ უზრუნველყოფას მკვლელობებს, დივერსიებსა და გადმობირების ოპერაციებს მთელი ევროპის ტერიტორიაზე.
ავსტრიის დაზვერვის თანამშრომლების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მომუშავე რუსი ოფიციალური პირების რიცხვი 400-დან 500-მდე გაიზარდა. მათი ნახევარი დიპლომატი და ადმინისტრაციული პერსონალია, მეორე ნახევარი კი, დე-ფაქტო ჯაშუშებად მოქმედებენ/მუშაობენ.
გამოცემის თანახმად, რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ვენაში დაახლოებით 40-მდე შენობაში მუშაობენ, მათ სახურავებზე დამონტაჟებულია სხვადასხვა სათვალთვალო აღჭურვილობა. ავსტრიის სპეცსამსახურები ეჭვობს, რომ ქვეყანაში მყოფი რუსი ოპერატიული თანამშრომლები მონაწილეობდნენ უკრაინაში მიმავალი დასავლური სამხედრო დახმარების ლოჯისტიკის თვალთვალში.
WSJ ასევე წერს, რომ ესპანეთში რუსი პილოტის მკვლელებს, რომელმაც Mi-8 ტიპის შვეულმფრენი ჯილდოს სანაცვლოდ უკრაინელებს გადასცა, რუსმა ოფიციალურმა პირებმა ფული, სავარაუდოდ, ვენაში გადაუხადეს.
ავსტრიის სპეცსამსახურებში იმასაც საუბრობენ, რომ რუსებს ავსტრიაში დიდი ოდენობით ნაღდი ფული სახმელეთო გზით შემოაქვთ, შემდეგ კი, რუსი "დიპლომატები", ავსტრიის გავლით, მთელს ევროპაში ანაწილებენ, რაშიც დიპლომატიურ იმუნიტეტს ეხმარებათ.
„ჩვენი მეზობლებისთვის პრობლემა ვხდებით, რადგან რუსეთი ოპერატიულ ბაზად გვიყენებს“ - უთხრა ჟურნალისტებს ავსტრიის დაზვერვაში მომუშავე ანონიმურმა წყარომ. პრობლემაზე ყურადღებას პოლიტიკოსებიც ამახვილებენ. ოპოზიციურმა დეპუტატმა პროფილური კომიტეტიდან, შტეფან კრისპერმა, აღნიშნა, რომ ავსტრიამ უნდა დაასრულოს „უკიდურესად საშიში უმოქმედობა“, რომელიც, ფაქტობრივად, ხელს უშლის რუსეთის გავლენის შემცირებას ევროპაში.
ავსტრიაში ჯაშუშობა არ არის აკრძალული, სანამ ის არ არის მიმართული თავად ავსტრიის წინააღმდეგ. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ვენა მხარს დაუჭერს დიპლომატების გაძევებას, როდესაც ამისთვის საკმარისი მტკიცებულება იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, ეგისტო ოტტო, რომელიც მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. წინა კვირას, გერმანიაში დააკავეს სომხეთის, უკრაინის და რუსეთის 3 მოქალაქე ჯაშუშურის საქმიანობის ბრალდებით.