ქნესეთის დეპუტატები ნეთანიაჰუს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდებენ

მიმდინარე კვირაში ისრაელის პარლამენტის დეპუტატების ჯგუფი კიევში იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდნენ. 

2 პარტიის დეპუტატებმა პრემიერ ნეთანიაჰუს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდეს. ეს იყო ისრაელის პირველი საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. ერთობლივ წერილში ისინი თხოვენ ნეთანიაჰუს ნება დართოს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე.

კიევში იმყოფებოდნენ იული ედელშტეინი ლიკუდიდან, რომელიც ქნესეთში საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და ზეევ ელკინი, პარტია კახოლ-ლავანის წევრი. საპარლამენტო დელეგაციას რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელიც თავის მხრივ ისრაელის პირველი მინისტრი გახდა, ვინც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია.

ზელკინი და ედელშტეინი კიევში თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვს, დაზვერვის სამმართველოს უფროსს, კირილო ბუდანოვს შეხვნდნენ. დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის და ისრაელის პოზიციებს კონფლიქტში ირანის ჩართულობა კიდევ უფრო აახლოვებს.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა იცის დამოუკიდებლობის ბრძოლის მნიშვნელობა და სამოქალაქო მოსახლეობა დაბომბვების სიმძიმეც გადატანილი აქვს. დეპუტატების თქმით, ისრაელი ვერ იდგება გვერდით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს უკრაინაში ხდება. 

კონტექსტი 

ომის დაწყებიდან ამ დრომდე ისრაელმა თავი შეიკავა კონფლიქტში აქტიური ჩართულობისგან, მათ შორის ისრაელმა უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და არც მესამე ქვეყნებს მისცა ისრაელში წარმოებული სამხედრო ტექნიკის რეექსპორტის უფლება უკრაინაში. 

ასეთ მიდგომას ისრაელში მეზობელ სირიაში შექმნილი ვითარებით ხსნიან - 2015 წლის შემდეგ სირიის საჰაერო სივრცის დიდ ნაწილს რუსეთი აკონტროლებს, ისრაელი კი პერიოდული ავიადარტყმებით სირიის ტერიტორიაზე მოკალათებულ ანტი-სიონისტურ დაჯგუფებებს ანადგურებს. ისრაელში შიშობენ, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შემდეგ რუსეთი სირიაში მათ ოპერაციებს საფრთხეს შეუქმნის. 

ცნობილია, რომ ისრაელი დათანხმდა საჰაერო განგაშისა და მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების შეტყობინების სისტემების მიწოდებას. გარდა ამისა, ისრაელი სერიოზულ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, განსაკუთრებით სამედიცინო დანადგარების კუთხით. 

მიმდინარე წლის შემოდგომაზე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გადახედავს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა ჯერჯერობით ქნესეთის დეპუტატების მოწოდებას ის არ გამოხმაურებია. 

მსგავსი სიახლეები