რა უნდა ვიცოდეთ Pandora Papers-ის შესახებ

ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიაში 12 მილიონი დოკუმენტი გავრცელდა, სადაც ჩანს მსოფლიო ლიდერების და ცნობილი ბიზნესმენების დამალული სიმდიდრე, გადასახადებისგან თავის არიდების გზები და ზოგიერთ შემთხვევაში, ფულის გათეთრებაც.

Pandora Papers-ის ფაილებზე თვეების განმავლობაში 117 ქვეყნის 600-ზე მეტმა ჟურნალისტმა იმუშავა.

დოკუმენტები ვაშინგტონის ჟურნალისტების საგამოძიებო საერთაშორისო კონსორციუმმა მოიპოვა, რომელიც ამ საკითხზე 140 სხვა ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა.

რა გახდა საჯარო?

Pandora Papers შედგება 6.4 მილიონი დოკუმენტისგან, 3 მილიონი ფოტოსგან, მილიონზე მეტი ელექტრონული ფოსტის წერილისგან და ნახევარი მილიონი ექსელის დოკუმენტისგან.

გამოქვეყნებული ფაილები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • იორდანიის მეფემ 70 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა ამერიკასა და ბრიტანეთში უძრავი ქონების შეძენაზე მის საკუთრებაში გასაიდუმლოებულად მყოფი კომპანიების გავლით.
  • აზერბაიჯანის მმართველი ალიევების ოჯახი ჩართული იყო 400 მილიონი ფუნტის ღირებულების უძრავი ქონების შესყიდვაში, რომელსაც მალავდნენ.
  • ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა დეკლარაციაში არ ჩაწერა მის საკუთრებაში მყოფი ოფშორული კომპანია, რომლის საშუალებითაც 12 მილიონი ფუნტის ღირებულების 2 ვილა იყიდა საფრანგეთში.
  • ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ევროპის ყველაზე დიდ კორუფციულ სკანდალში იყო ჩართული.
  • რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კენიის პრეზიდენტის, უჰურუ კენიატას ოჯახი ოფშორული კომპანიებს ქსელს ფლობდა.

ფაილებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების, მათ შორის, 90 ქვეყნიდან 330 პოლიტიკოსის მონაცემებია, რომლებიც ოფშორულ კომპანიებს იყენებდნენ საკუთარი სიმდიდრის დასამალად.

რა არის ოფშორი?

Pandora Papers-ში გასაჯაროვდა კომპანიების ქსელი, რომელთა მფლობელებიც მალავენ საკუთარ ვინაობას.

მაგალითად, თუ გაქვს საკუთრება ბრიტანეთში, მაგრამ მას ფლობ კომპანიების ჯაჭვით, რომლებიც სხვა ქვეყანაში არიან რეგისტრირებული, ახერხებ ვინაობის დაფარვას.

ასეთი ოფშორული ქვეყნები არიან, სადაც:

  • კანონმდებლობით მარტივია კომპანიის შექმნა;
  • კანონმდებლობა ართულებს კომპანიის მფლობელების ვინაობის გასაჯაროებას;
  • დაბალია ან არ არის მოგების გადასახადი.

მსგავსი ქვეყნები "საიდუმლო იურსდიქციის" სახელმწიფოებად მოიხსნებიან. ასეთი ქვეყნებია კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ასევე შვეიცარია და სინგაპური.

რამდენად მარტივია ოფშორებში თანხის დამალვა?

ოფშორებში სიმდიდრის დასამალად საჭიროა მსგავს ქვეყნებში კომპანიის შექმნა. ასეთი კომპანიები მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მათ თანამშრომლები ან ოფისი არ აქვთ. მათ შექმნას დიდი თანხის დახარჯვა სჭირდება.

არსებობს სპეციალური კომპანიები, რომლებიც თანხას ოფშორული კომპანიების შექმნასა და მართვაში იღებენ, რათა პროფესიონალურად შეძლონ კონკრეტული პირების სიმდიდრის დამალვა.

რა თანხაა ოფშორებში დამალული?

დანამდვილებით ამის თქმა რთულია, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით ეს 5.6 ტრილიონიდან 32 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ოფშორული კომპანიების არსებობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის გადასახადები იკარგება.

 

 

მსგავსი სიახლეები