რაფაელ გლუკსმანი: ვაპირებთ მობილიზებას მიშას ევროპულ ჰოსპიტალში გადასაყვანად
ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი წერს, რომ მომდევნო კვირას ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ევროპულ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით "მობილიზებას" გეგმავენ:
"ევროპარლამენტში ვაპირებთ მთელი კვირით მობილიზებას, რათა მიშა ევროპულ ჰოსპიტალში გადაიყვანონ. რათა ჩვენმა ქვეყნებმა ხვალ არ დაუშვან პრეზიდენტის სიჩუმეში სიკვდილი, რომელსაც გუშინ ასე ჯიუტად არ უგდებდნენ ყურს", - წერს ფრანგი პოლიტიკოსი.
რაფაელ გლუკსმანის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის უცხოურ საავადმყოფოში გადაყვანაში ევროპას, განსაკუთრებით კი საფრანგეთს, საკვანძო როლი შეუძლია, ითამაშოს:
"დღეს მისი სიცოცხლე ძაფზე კიდია და ეს ძაფი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მისი გადარჩენის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობა, რომელიც საჯაროდ მაინც ცდილობს, შეინარჩუნოს საცოდავი ბალანსი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ვერ გაუძლებს ძლიერ და კოორდინირებულ ევროპულ წნეხს.
განსაკუთრებით კი პარიზს შეუძლია, გავლენა იქნოიოს, რამდენადაც საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქი, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე ფლობს ფრანგულ პასპორტს", - წერს რაფაელ გლუკსმანი.
რაფაელ გლუკსმანმა 2018 წელს საფრანგეთში საკუთარი პოლიტიკური პარტია, Place Publique დააფუძნა. 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ის ფრანგი სოციალისტების სიის პირველი ნომერი იყო, რის შემდეგაც ევროპარლამენტარი გახდა. 2005-2012 წლებში რაფაელ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.