რასმუსენი: ნატოს ზოგიერთი წევრი შესაძლოა უკრაინაში ჯარების გაგზავნას დათანხმდეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თვლის, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების შესახებ დისკუსიის ფარგლებში, ნატოს ცალკეული წევრები შეიძლება დათანხმდნენ თავიანთი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანას.
რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანების ნაბიჯებს ან უსაფრთხოების გარანტიას, "არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები."
"ცნობილია, რომ პოლონეთი ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ დონეზე და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მიჰყვებიან, შესაძლოა ჯარები ადგილზე გაგზავნაც," - თქვა მან.
ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ვარშავა "სერიოზულად განიხილავს მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, თუ უკრაინა ვერაფერს მიიღებს ვილნიუსში" და სავსებით ლეგალური იქნება უკრაინის მხრიდან ასეთი სამხედრო დახმარების მოძიება.
რასმუსენი არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პროექტის ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ცნობილია როგორც "კიევის უსაფრთხოების კომპაქტი."
ალიანსისა და დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ კატეგორიულად უარყვეს უკრაინაში საკუთარი ჯარების შეყვანის შესაძლებლობა, რადგან ეს საფუძველს ჩაუყრის ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას.