რენდი: რუსეთის ჩარევა მიმართულია, რომ მთავრობა და ხალხი თავის ორბიტაზე დააბრუნოს
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დაფნა რენდმა განაცხადა, რომ აშშ ძალიან ღელავს და უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ამის შესახებ რენდმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა. საქართველოსთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელმაც "არსებითად ნიმუშად აიღო ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა", რაშიც მან ქართული ოცნების ხელისუფლება იგულისხმა.
რენდის თქმით, აშშ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ღელავს, რადგან იგი სამართლიანი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუკი თავისუფალი დებატები და კონკურენცია იარსებებს.
"ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, აქტიურად სცადოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობების გადატრიალებას და არევა, და სამიზნეში ამოიღოს ყველაზე სუსტები და მოწყვლადები. ამისთვის სახელმძღვანელო არსებობს, რომლითაც რუსეთი თავის ახლო სამეზობლოში, მაგრამ ასევე სხვაგანაც მსოფლიოში, ხედავს, სადაც პარტიებს შორის ან მმართველი ელიტების ფრაქციებს შორის შიდა დაპირისპირებაა, [რუსეთი] ძალიან ცდილობს, რომ არიოს ეს დემოკრატიული კონკურენცია. ეს არის მათი მეთოდი.
მსურს, ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, ვინაიდან, ახლა ჩვენთვის, აშშ-ს მთავრობაში, ეს ნამდვილად საგანგაშოა. ქართული ოცნების 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალიან კონკურენტული არჩევნებია 26 ოქტომბერს და ვხედავთ, როდესაც რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას, რომელმაც არსებითად მიბაძა იმას, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად, "უცხოური აგენტების" კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, ზღუდავს ალტერნატიული იდეების გამოხატვის შესაძლებლობებს, კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას - რაც აქ, "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში" ყველამ იცის, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანსაღი არჩევნებისთვის - საკითხებზე კამათის შესაძლებლობა.
ასე რომ, იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი და ქართული ოცნება ძალიან ცდილობდნენ, შეეზღუდათ ეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი გზით, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტში, ვუპასუხეთ სავიზო შეზღუდვების მექანიზმით, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც მოიფიქრა ეს "უცხოური აგენტების" კანონის იდეა.
[...] შესაბამისად, ძალიან ვღელავთ ამ არჩევნებზე, ვინაიდან, ის სამართლიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ თავისუფალი დებატები და კონკურენცია არსებობს. პრობლემა არაა, თუ ქართული ოცნება სამართლიანად გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველ ხალხს საკუთარი სურვილის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა შეუზღუდეს.
[...] ქართველების 80% ევროკავშირთან მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის. არსებობს გაწევრიანების პროცესი, ასე რომ, ხალხს სურს, უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, სურს რეფორმების პროცესის გავლა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს. მაშასადამე, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაზე დააბრუნოს, და ეს უბრალოდ მიუღებელია.
ამით შევწყვეტ საქართველოზე საუბარს, მაგრამ ალბათ გაიგეთ მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ს მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ს კონგრესი". - განაცხადა რენდმა.