რესპუბლიკელი კონგრესმენების ჯგუფი მოითხოვს, შეწყდეს უკრაინის "შეუზღუდავი დახმარება"
სენატორთა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ჯგუფმა, სენატორ მაიკ ლის ხელმძღვანელობით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის იმ ფორმით დახმარება, როგორც ეს აქამდე მიმდინარეობდა. წერილის სრული ტექსტი სენატორ ლის ვებგვერდზე 20 აპრილს გამოქვეყნდა.
წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება "შემდგომი ესკალაციის საფრთხეს აჩენს და არ გააჩნია ძალიან საჭირო სტრატეგიული სიცხადე."
"უკრაინაში მარიონეტული ომი რუსეთთან არ შეესაბამება შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს და ესკალაციის საფრთხეს აჩენს, რომელიც შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს", - აცხადებენ კანონმდებლები.
მათი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სტრატეგია - მუდმივი დახმარება და სანქციები - იწვევს "ესკალაციას და უფრო მეტ ძალადობას" და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს.
წერილის ავტორებმა გააკრიტიკეს HIMARS-ების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, რადგან ეს აღიქმებოდა სერიოზულ პროვოკაციად და გააკრიტიკეს პოტენციური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის ახალი ტიპის, უფრო შორი მოქმედების იარაღის მიწოდებაზე.
ხელმომწერები ასევე ამტკიცებენ, რომ აშშ ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უკრაინისთვის, რომლის მთავრობაც "ისტორიულად ჩაფლულია კორუფციაში", როდესაც აშშ-ს საკმარისად აქვს საკუთარი შიდა პრობლემები.
გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბური დახმარება ზიანს აყენებს ამერიკული არმიის საბრძოლო მზადყოფნას.
მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ხელს უწყობს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას.
წერილს ხელს 3 რესპუბლიკელი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის 16 წევრი აწერს.