რეზნიკოვი: დასავლეთმა ‘ჰარპუნის’ რაკეტები და ჰაუბიცები უკვე გადმოგვცა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ კიევმა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების და ჰაუბიცების ნაწილი უკვე მიიღო.

ჰარპუნის რაკეტებს უკრაინას დანია გადასცემს, ხოლო თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით კიევს აშშ ამარაგებს.

რეზნიკოვის თქმით, ხომალდსაწინააღდეგო რაკეტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საპორტო ქალაქ ოდესის დაცვისთვის, რომელიც რუსეთის ფლოტის მიერ საზღვაო ბლოკადაში იმყოფება.

მინისტრის განცხადებით, ჰარპუნების გადაცემა რამდენიმე დასავლური ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის თანამონაწილეობით მოხერხდა.

უკრაინას ასევე გადაეცა M109 ტიპის ჰაუბიცები, რაც უკრაინის არმიას რუსულ პოზიციებზე შორი მანძილიდან იერიშის მიტანის საშუალებას მისცემს.

გასულ თვეში აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პენტაგონი უკრაინელ სამხედროებს ამერიკული შეიარაღების გამოსაყენებლად წვრთნის.

კიევი ვაშინგტონისგან დამატებით ზალპური ცეცხლის სისტემა (MLRS) M270-ის გადაცემას ითხოვს, რომლის გამოყენებასაც დონბასის ფრონტზე აპირებენ.

 

მსგავსი სიახლეები