Rheinmetall მზად არის უკრაინას Panther-ის ტანკები გადასცეს
ევროპაში სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს, გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს, სურს უკრაინას თავისი ახალი საბრძოლო ტანკი Panther გადასცეს. ამის შესახებ Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა.
ამის შესახებ გაზეთი Handelsblatt წერს.
"ჩვენ კიევთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ Panther-ის ექსპორტზე", - თქვა პაპერგერმა. მისი თქმით, კიევმა ასევე ინტერესი გამოიჩინა გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Lynx-ის მიმართ.
Rheinmetall-მა გასულ ზაფხულს, პარიზში, 27-ე საერთაშორისო იარაღის გამოფენა Eurosatory 2022-ზე, წარმოადგინა Panther და მას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საბრძოლო ტანკი უწოდა. უკრაინა შეიძლება ამ ტანკის პირველი მყიდველი გახდეს.
როგორც Handelsblatt განმარტავს, ჯერჯერობით მხოლოდ Panther-ის საჩვენებელი მოდელი არსებობს. მიუხედავად ამისა, პაპერგერი შესაძლებლად მიიჩნევს თვეში 15-18 ტანკის მიწოდებას.
ექსპორტისთვის გერმანიის მთავრობის თანხმობაა საჭირო, რადგან Panther გერმანიაში შეიქმნა.
პაპერგერის თქმით, უკრაინისთვის ტანკის მიწოდების სასარგებლოდ შეიძლება იმ ფაქტმა იმოქმედოს, რომ ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ თავიანთი მარაგებიდან ახალი ტანკების გამოყოფა, გარდა უკვე გაგზავნილი ტანკებისა და მათი "რესურსი ამოწურულია."