რინკევიჩი: ომის შემდეგ რუსეთის დაშლა შესაძლებელია, არსებობს სხვა სცენარებიც
ლატვიის მომავალი პრეზიდენტი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი უშვებს იმის ალბათობას, რომ ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია დაიშალოს, მაგრამ თვლის, რომ სხვა სცენარებიც რეალურია.
"რუსეთი ნამდვილად გააგრძელებს არსებობას. არ ვიცი, რამდენად დიდი იქნება მისი ზომა. ის უფრო იმპერიალისტური იქნება, უფრო აგრესიული თუ უფრო დემოკრატიული. მე ეს არ ვიცი, მაგრამ რასაც ვხედავ, სამწუხაროდ, არ მაძლევს ოპტიმიზმის დიდ საფუძველს," - თქვა რინკევიჩმა.
მისი დაკვირვებით, ახლა რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს ომს და შესამჩნევი არ არის, რომ კრემლი შესუსტდა. ამავდროულად, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ახალი სამხედრო წარმატებებით, მეტი ადამიანი გაცნობიერებს, რომ მოსკოვი აგებს და ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს.
"ჩვენ არ ვიცით, უბიძგებს თუ არა ეს რუსეთს შურისძიებისკენ, რომ ისინი უბრალოდ გადაჯგუფდებიან და შურისძიებას ეცდებიან. გამოიწვევს თუ არა ეს რუსეთის ნგრევას, მის დაშლას მცირე ნაწილებად... დარწმუნებული არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ ახლა ბევრი სცენარია რეალისტური. და მე ვიქნები ძალიან, ძალიან ფრთხილად ნებისმიერ პროგნოზში," - განაცხადა რინკევიჩმა.
მან აღნიშნა, რომ როგორც მომავალი პრეზიდენტი, ნებისმიერი სცენარისთვის მოემზადება.
"დამარცხებული, დამცირებული რუსეთი, რომელსაც შურისძიება სურს, ძალიან საშიში სცენარია. რუსეთი, რომელიც იშლება, ასევე საშიში სცენარია. რა დაემართება ბირთვულ იარაღს? რა დაემართებათ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის დაწყება რუსეთის შიგნით - მაგალითად, სამოქალაქო ომი, ან ყოფილი რუსეთის ნაწილების ერთმანეთთან ომები, ან... ერთი სიტყვით, რუსეთთან საზღვარი ჯერ კიდევ გვაქვს და ეს სახიფათოა.
ასევე, შესაძლებელია სცენარი, როდესაც რუსეთი უბრალოდ გამოაცხადებს, რომ გაიმარჯვა და შეეცდება დაარწმუნოს საზოგადოება, რომ უფრო შორს წასვლაა საჭირო," - თქვა რინკევიჩმა.
მისი აზრით, რუსეთს, საუკეთესო შემთხვევაში, შეეძლო ომისშემდგომი გერმანიის გზას გაჰყოლოდა და თანდათან დემოკრატიზაცია განეცადა, მაგრამ მას ნამდვილად არ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან რუსეთის ფედერაცია, კაპიტულაციის შემდეგ, გერმანიისგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
"არ გამოვრიცხავ არცერთ ამ სცენარს. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად. და ყველა ეს სცენარი აიძულებს პრეზიდენტებს და პრემიერებს მეზობელ ქვეყნებში და არა მხოლოდ მეზობლებში, დღე და ღამე ფხიზლად იყვნენ," - განაცხადა მან.