რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს
რიში სუნაკმა განაცხადა, რომ კონერვატორული პარტიის ლიდერობისთვის და ქვეყნის პრემიერობისთვის იბრძოლებს.
ყოფილმა კანცლერმა (ფინანსთა მინისტრი) თავი მეორედ წარადგინა პარტიის ლიდერობის კანდიდატად. წინა არჩევნებში ის ყოფილ პრემიერთან, ლიზ ტრასთან დამარცხდა, რომლის პრემიერობაც მხოლოდ 44 დღე გაგრძელდა.
Twitter-ზე თავისი კანდიდატურის გამოცხადებისას სუნაკმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო "ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშეა და დასძინა: "არჩევანი, რომელსაც ჩვენი პარტია გააკეთებს, გადაწყვეტს, ექნება თუ არა ბრიტანელების მომავალ თაობას უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე წინას."
"ამიტომ მე ვაპირებ კენჭი ვიყარო, რომ გავხდე მომავალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი. მსურს გავაუმჯობესო ჩვენი ეკონომიკა, გავაერთიანო ჩვენი პარტია და მოვახერხო ჩვენი ქვეყნისთვის შედეგის მოტანა". - წერს სუნაკი.
საარჩევნო ბიულეტეზე მოსახვედრად, ლიდერობის კანდიდატებს მინიმუმ 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ და სუნაკს კანდიდატურის გამოცხადებამდე 124-ის მხარდაჭერა უკვე ჰქონდა.
სუნაკთან ერთად ლიდერობისთვის ბრძოლაში ფავორიტი ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონია.
გუშინ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუნაკმა და ჯონსონმა მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.
"იქნება კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ანგარიშვალდებულება მთავრობის ყველა დონეზე, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და მე ყოველდღიურად ვიმუშავებ, რომ საქმე გავაკეთო". - წერს ყოფილი კანცლერი.
რიში სუნაკს მხარი საჯაროდ კონსერვატორული პარტიის რამდენიმე ლიდერმა დაუჭირა: კემი ბადენოკი - საერთაშორისო ვაჭრობის მდივანი; სტივ ბარკლი - ჯანდაცვის ყოფილი მდივანი; ლორდი ფროსტი - ბრექსიტის ყოფილი მინისტრი; დომინიკ რააბი - ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საჯიდ ჯავიდი - ჯანდაცვის ყოფილი მდივანი.
ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრმა სტივ ბეიკერმა ასევე სუნაკს დაუჭირა მხარი და Sky News-თან განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის მეორედ გაპრემიერება "გარანტირებული კატასტროფა" იქნება.