რიში სუნაკი: კონფუცის ინსტიტუტებს დავხურავ, რადგანაც ჩინეთის რბილი ძალაა

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის მებრძოლი რიში სუნაკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პარტიის წევრები მას მხარს დაუჭერენ, იგი პრემიერ-მინისტრის რანგში, ჩინეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას გაატარებს. 

"ამ საუკუნეში, ჩინეთის კომუნისტური პარტია წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ბრიტანეთისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის" - განაცხადა სუნაკმა. 

მისი თქმით, იგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჩინეთის გავლენის შესამცირებლად, რაც პირველ რიგში, გაერთიანებულ სამეფოში არსებული 30 კონფუცის ინსტიტუტის დახურვას გულისხმობს.  

"გაერთიანებული სამეფოს ყველა ხარჯი, რომელიც სკოლაში ჩინური ენის შესწავლაზეა გაწეული, გაედინება კონფუცის ინსტიტუტის მეშვეობით, რითიც ძლიერდება ჩინური რბილი ძალა."

რიში სუნაკის კიდევ ერთი ინიციატივა მოიცავს საერთაშრისო ალიანსის შექმნას ჩინური კიბერ-საფრთხეების გასანეიტრალებლად და ტექნოლოგიური უსაფრთხოების პრაქტიკის გასაზიარებლად, რომელიც "ნატოს პრინციპზე" იქნება აგებული. 

ამავე კონტექსტში დაგეგმილია MI5-ის, ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ბიზნესებს ჩინური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ჩინურ საფრთხეებთან საბრძოლველად, რიში სუნაკის მეხუთე ინიციატივა "ბრიტანეთის ძირითადი აქტივების დაცვაა", რაც ჩინეთის მიერ მათი შეძენის შესაძლებლობის გამორიცხვას გულისხმობს.

კონსერვატორი დეპუტატის განცხადებით,  სტრატეგიულად მნიშვნელოვან აქტივებში ტექნოლოგიური კომპანიებიც იგულისხმება. 

კონსერვატიული პარტიის წევრების მიერ რიში სუნაკის პარტიის ლიდერად არჩევის შემთხვევაში, იგი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. მისი მთავარი კონკურენტი ლიზ ტრასია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს. 

მსგავსი სიახლეები