რუმინეთმა რუსეთის დელეგაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა

რუმინეთმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დელეგაციას ვიზა არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი წერს.

კარასინის თქმით, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის არცერთ წევრს არ მისცეს ვიზა "უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით."

გასულ წელს რუსეთის დელეგაციას ვიზა ბრიტანეთმა არ მისცა.

ერთი კვირის წინ, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსი "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი "დიდი ალბათობით" დატოვებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, თუ იგი არ მიიღებს მოწვევას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე. 

2024 წლის თებერვალში სლუცკი ჩიოდა, რომ რუსეთი ასამბლეის მუშაობის ფარგლებში "არსად არ იყო მიწვეული."

ამავდროულად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ მოითხოვა შეჩერდეს რუსეთის წევრობა ორგანიზაციაში და შეწყდეს საწევრო გადასახადის გადახდა. აპრილში, სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შენატანების გადახდის შეჩერების შესახებ.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც 1991 წელს შეიქმნა, მოიცავს 57 ქვეყნის პარლამენტარებს. ასამბლეა განიხილავს პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ეკოლოგიის, დემოკრატიისა და ჰუმანიტარულ საკითხებს.

მსგავსი სიახლეები