რუსების თქმით, უკრაინელებმა ჩონგარის ხიდი დაბომბეს
რუსი ოკუპანტები აცხადებენ, რომ ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩონგართან არსებული ხიდი უკრაინელებმა დაბომბეს.
ანექსირებული ყირიმის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ "ღამით ჩონგარის ხიდი დაბომბეს."
ხერსონელმა კოლაბორაციონისტმა ვლადიმერ სალდომ კი განაცხადა, რომ "წინასწარი შეფასებით, გამოიყენეს ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები."
გარდა ამისა, სალდომ ჩონგარის ხიდის ფოტო გამოაქვეყნა.
ტელეგრამ არხი Baza აღნიშნავს, რომ უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა რამდენიმე ხიდი ყირიმის და ხერსონის რეგიონის საზღვარზე (მათ შორის ჩონგარის ხიდი).
მოგვიანებით სალდომ დაზიანებული ხიდის ვიდეო გამოაქვეყნა. მან განაცხადა, რომ ხიდზე დარტყმა "არანაირად არ იმოქმედებს სპეცოპერაციის მიმდინარეობაზე" და "არის სხვა სახმელეთო მარშრუტები ყირიმისკენ, უფრო ხანგრძლივი, მაგრამ არის."
მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტები უკვე "იღებენ ზომებს ხიდის გადასასვლელების დაზიანების აღმოსაფხვრელად."