რუსებმა ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე მოტყუებით საომრად წაიყვანეს - 8 გარდაიცვალა

ინდოეთის პარლამენტის წევრმა ვიკრამჯიტ სინგ საჰნეიბმა ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთმა საბრძოლველად მოტყუებით ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე წაიყვანა და დაღუპულთა ცხედრები სამშობლოში ჯერ ვერ დააბრუნეს.

სინგის თქმით, ინდოეთის მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც ომში ხვდებიან, სამუშაოს შეთავაზების გამო მიდიან რუსეთში, შემდეგ კი, თარჯიმნის გარეშე, იძულებული არიან გააფორმონ კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან. ხშირად ისინი მხოლოდ ფრონტზე აცნობიერებენ რა ვალდებულება აიღეს.

ტელეკომპანია Дождь უკრაინაში მოკლული ერთ-ერთი ინდოელის, რავი მუნის მშობლებს დაუკავშირდა და მათ თქვეს, რომ მათ შვილის ერთ-ერთ რუსულ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებას დაჰპირდნენ. თუმცა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მუნი ოჯახს ფრონტიდან დაუკავშირდა.

ივლისში, მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ინდოელების რუსეთის არმიაში წაყვანის შესახებ ისაუბრა და პუტინს სთხოვა ინდოეთში რეკრუტირებისგან თავი შეიკავონ.

პუტინი მას საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

მსგავსი სიახლეები