რუსეთი უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულ სამხედრო ნაწილებს უკან აბრუნებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამბობს, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული არმიის ნაწილები მუდმივი დისლოკაციის წერტილებს 23 აპრილიდან დაუბრუნდებიან. 

"მივიჩნევ, რომ დაუგეგმავი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია, სამხედროებმა დაადასტურეს, რომ საიმედოდ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულოთ დაუგეგმავი შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში",- განაცხადა სერგეი შოიგუმ.

შოიგუს თქმით, რუსეთის არმია კვლავაც ადეკვატურად ირეაგირებს რუსეთის საზღვრებთან ახლოს. წინა დღეებში რუსეთის ჯარმა ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო სწავლებები ჩაატარა, რომლის მიმდინარეობის დროს ნახევარკუნძულის თავზე ფრენები შეიზღუდა. გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა ქერჩის სრუტეშიც. 

ყირიმში გამართულ სამხედრო წვრთნებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაბიჯები ვითარების ესკალაციას ემსახურება. 

დონბასში და რუსეთ-უკრაინის საზღვრის სხვა მონაკვეთებზე ვითარება წინა თვეში დაიძაბა. უკრაინის საზღვრებთან შეინიშნებოდა რუსული სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის ზრდა. სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 120 000-მდე სამხედრო ჰყავდა მობილიზებული. 

მსგავსი სიახლეები