რუსეთში ნავალნის შტაბებმა საქმიანობა შეწყვიტეს

ალექსეი ნავალნის თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნავალნის შტაბების საქმიანობას წყვეტენ. ამის შესახებ ვოლკოვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა. 

ვოლკოვის თქმით, არსებული ფორმით შტაბები საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ, რადგანაც ეს ავტომატურად გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ დევნას ექსტრემიზმის მუხლით და ადამიანები, რომლებიც ამ შტაბებში მუშაობენ ან რამენაირად თანამშრომლობენ მათთან ავტომატურად გამოძიების ქვეშ მოხვდებიან.

"ვერანაირი რებრენდინგი ვეღარ გვიშველის, ჩვენ ისიც არ შეგვიძლია, რომ საქმიანობის პროფილი ფორმალურად მაინც შევცვალოთ. სამწუხაროდ ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია. ჩვენ ოფიციალურად ვშლით ნავალნის რეგიონალური შტაბების ქსელს",- წერს ვოლკოვი. 

მიუხედავად ამისა, ნავალნის თანამოაზრე ამბობს, რომ ისინი არ ჩამოუშვებენ ხელებს და გააგრძელებენ ბრძოლას უკეთესი რუსეთისთვის. ვოლკოვის თქმით, რუსეთის რეგიონებში ამ დროის განმავლობაში ათეულობით დამოუკიდებელი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდა, რომლებსაც შეეძლებათ ჟურნალისტური გამოძიებების მომზადება, მიტინგების დაორგანიზება და არჩევნების პროცესზე დაკვირვება. "ჩვენ ყველა მათ დავეხმარებით და მათ ყველაფერი გამოუვათ",- წერს ვოლკოვი. 

ნავალნის შტაბების ქსელმა საქმიანობის შეჩერების შესახებ 26 აპრილს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მოსკოვის საოლქო პროკურორმა შესაბამისი ბრძანება გასცა. ამავე დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ნავალნის შტატების ქსელი ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდა. 

ნავალნის მიერ დაარსებული ორგანიზაციების ექსტრემისტულად გამოცხადება საბჭომ 16 აპრილს მოითხოვა. მათი თქმით, ნავალნის შტაბების საქმიანობა ექსტრემისტულ ხასიათს ატარებს, რადგანაც "ამ ორგანიზაციებს სურთ საკონსტიტუციო საფუძვლების შეცვლისთვის საჭირო გარემოს შექმნა, მათ შორის ე.წ. ფერადი რევოლუციების გზით."

 

მსგავსი სიახლეები