რუსეთი სომხეთს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს

მოსკოვი ერავანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

რუსმა სამხედროებმა, რომლებიც კონფლიქტის რეგიონში 2020 წლის შემდეგ იმყოფებიან, სომხური მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის "დარღვევა" დააფიქსირეს, წერს რუსული სამთავრობო მედია-სააგენტო ТАСС-ი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ვითარება სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებთან ჩართულობის შედეგად "განიმუხტა".

რუსეთი ყარაბაღის რეგიონში ამჟამად 27 სადამკვირვებლო პოსტს აკონტროლებს, სადაც 2 000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

2020 წელს სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ დადებული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით მოსკოვის სამხედრო მისიას რეგიონში ხუთწლიანი ვადა აქვს, რომელიც შეიძლება გახანგრძლივდეს.

დროებითი ზავის გაფორმების მიუხედავად სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს შეთანხმების ცალმხრივად დარღვევაში ადანაშაულებენ. სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ხშირია სროლები.

წელს მარტში სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა აზერბაიჯანის მიერ სოფელ ფარუხის დაკავების შემდეგ, რომელსაც რუსები აკონტროლებდნენ.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის გამოძიება" მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები