რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა "ვაგნერის" დაშლა მოითხოვა

რუსმა პოლიტიკოსმა და 58-ე არმიის ყოფილმა მეთაურმა ვიქტორ სობოლევმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაშლა მოითხოვა. ამის შესახებ Politico წერს.

გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ სობოლევი ახლა კომუნისტური პარტიის დეპუტატია.

სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში მან კერძო სამხედრო კომპანიას "არალეგალური შეიარაღებული ფორმირება" უწოდა.

"გაურკვეველია სად არის რეგისტრირებული [ვაგნერი - რედ.] და რას აკეთებს იგი", - თქვა სობოლევმა. მან რიგითი ჯარისკაცები გააფრთხილა, რომ "ვაგნერში" გადასვლის შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გარდა ამისა, სობოლევმა ეჭვი გამოთქვა რამდენად იმყოფება პრიგოჟინი ფრონტის ხაზზე.

"ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა საპასუხოდ ბახმუტიდან რუსი მებრძოლების მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ მისნაირი ადამიანების გამო "ქვეყანა ომს წააგებს." ისინი დეპუტატს სექსუალური ძალადობითაც დაემუქრნენ.

ბოლოს სობოლევმა თქვა, რომ ვაგნერელების მხრიდან "მიუღებელი და უაზრო მუქარის" წინაშე აღმოჩნდა, თუმცა თქვა, რომ კრიტიკას შეწყვეტს.

ბოლო რამდენიმე თვეა, რუსეთი თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერს" შორის დაპირისპირება გამწვავდა. კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს საჯაროდ ხშირად აკრიტიკებს.

The Washington Post-მა ორშაბათს დაწერა, რომ გამოჟონილი დოკუმენტების თანახმად, პრიგოჟინმა, ბახმუტიდან უკრაინის უკან დახევის სანაცვლოდ, კიევს რუსული არმიის პოზიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები