რუსი პილოტი, რომელმაც უკრაინაში Mi-8 დასვა, ნახევარ მილიონ დოლარს მიიღებს
უკრაინაში გადასული რუსული ვერტმფრენი Mi-8-ს პილოტი, 28 წლის მაქსიმ კუზმინოვი, 500 000 აშშ დოლარის ჯილდოს მიიღებს. უკრაინის დაზვერვამ რუსებს მოუწოდა მას მიბაძონ.
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ეროვნულ ვალუტაში, არსებობს ოფიციალური კანონმდებლობა, შესაბამისი კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა 2022 წლის აპრილში, შესაბამისი კომპენსაციის შესახებ, თუ ადამიანი უკრაინაში შეიარაღებით გადადის.
უკრაინა არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვასრულებთ საკუთარ ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს (ვიცავთ). ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ რუსებს, რომლებსაც არ სურთ ომის დამნაშავეები გახდნენ, გთხოვთ, დანებდეთ, გადადით უკრაინის მხარეს და დაიცავით საკუთარი პატივი და სინდისი, იბრძოლეთ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ." - აღნიშნა იუსოვმა.
კონტექსტი
23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხანგრძლივი სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების Mi-8-ს ვერტმფრენი უკრაინაში დაჯდა.
პილოტის ოჯახი უკრაინაში წინასწარ ჩაიყვანეს.
კუზმინოვმა სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველადი ინფორმაცია ვერტმფრენის გადაყვანის და დანებების შესაძლებლობის შესახებ პოლიციისგან მიიღო, შემდეგ კი ოპერაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატი შეუერთდა.