რუსულ МИР-ის საბანკო ბარათებს თურქეთის სახელმწიფო ბანკებიც აღარ მოემსახურებიან

მეორეული სანქციების მაღალი რისკის გამო, კერძო თურქული ბანკების შემდეგ, თურქეთის სახელმწიფო ბანკებიც უარს ამბობენ რუსეთის მიერ გამოშვებული МИР-ის ტიპის ბარათების მომსახურებაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს

20 სექტემბერს იგივე გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ორმა უმსხვილესმა კერძო ბანკმა: İşbank-მა და DenizBank-მა. გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსული ბარათების მომსახურებას აგრძელებდნენ თურქეთის სახელმწიფო ბანკები: VakıfBank, Ziraat Bank და Halkbank. 

თურქეთის ფინანსთა სამინისტროს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია. 

სავარაუდოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-სგან წამოსულ გაფრთხილებებს უკავშირდება - ამერიკის ხაზინამ მოუწოდა პარტნიორი ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებს არ დაედოთ ახალი და არ გაეფართოებინათ არსებული ხელმშეკრულებები რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან. 

გასულ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის შემდეგ, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა თავის ფინანსთან მინისტრს, ნურედინ ნებათის დაავალა შეემუშავებინათ რუსული МИР-ის ალტერნატიული სისტემა. 

იმავე დღეს ერდოღანის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა ერთ-ერთი ნაციონალურ არხზე სტუმრობისას ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე ომში თურქეთი უკრაინის მხარესაა და რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

კონტექსტი

თურქეთი რომელიც ნატოში 1952 წელს გაწევრიანდა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით შუალედური პოზიცია დაიკავა - ერთის მხრივ თურქეთი უწყვეტად ამარაგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Bayraktar-ის ტიპის დრონებით. 

მეორეს მხრივ თურქეთი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ხოლო რეჯეფ თაიპ ერდოღანი ღიად საუბრობს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

ამასთანავე, თურქეთი იყო ე.წ. ხორბლის შეთანხმების მთავარი შუამავალი, რომელიც უკრაინის პორტებში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტის განახლებას ითვალისწინებდა. 

მსგავსი სიახლეები