რუსული ქვანახშირის უმსხვილესი ინდური შემსყიდველი რუსეთიდან იმპორტს აჩერებს
ინდოეთში რუსული ქვანახშირის უმსხვილესი იმპორტიორი Tata Steel-ი რუსეთიდან წიაღისეულის შეძენას აჩერებს, წერს გამოცემა Financial Times-ი.
მსოფლიოში ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია გადაწყვეტილების მიზეზად კრემლისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო შექმნილ „გაურკვევლობას“ ასახელებს.
იმ ფონზე, როცა დასავლური ქვეყნები რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე უარს ამბობენ, ინდოეთში რუსული ნავთობის და სხვა რესურსების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა.
ინდური კომპანიები რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შეძენას დისკონტირებულ ფასებში ახერხებენ.
Tata Steel-მა 2022 წლის პირველ კვარტალში 617 000 ტონა რუსული ქვანახშირის იმპორტი განახორციელა.
ვაშინგტონში ნიუ-დელის რუსული იმპორტის გაზრდისგან თავის შეკავება სთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების რეჟიმში მოქცევის რისკზე მიუთითეს.
რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგო გამოაცხადეს ევროკავშირმა და იაპონიამ, რუსეთის ორმა უმსხვილესმა საექსპორტო ბაზარმა.