საბერძნეთი ალბანეთის და ევროპის კავშირის თავდაცვის პაქტს ბლოკავს
ევროპის კავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მის ფარგლებს გარეთ მყოფ სახელმწიფოებთან შეთანხმებებს აფორმებს.
რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში ევროპულ გაერთიანებასა და რამდენიმე სახელმწიფოს (კანადის, იაპონიის, განას, მოლდოვის, ნორვეგიის და სამხრეთ კორეის) წარმომადგენელს შორის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ტექნიკური დონის შეხვედრა გაიმართა.
რაც შეეხება ალბანეთს, საბერძნეთი ამ უკანასკნელსა და ევროპის კავშირს შორის თავდაცვის პაქტის დადების წინააღმდეგია, რადგან ათენის აზრით, ალბანეთმა პირველ რიგში კანონის უზენაესობის მინიმალური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
საბერძნეთმა ევროპის კავშირს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების დადება, ალბანეთის ნაცვლად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან შესთავაზა, რომელიც ათენის ხედვით, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია.
იტალიის მიერ ალბანეთის მხარდაჭერის მიუხედავად, საბერძნეთის წინააღმდეგობის გამო, ტირანასა და ბრიუსელს შორის თავცადცვის სფეროსთან დაკავშირებით შეთანხმების დადება ვერ განხორციელდა.
საბერძნეთი ალბენთს არა მხოლოდ თავდაცვის პაქტის, არამედ ევროპის კავშირში გაწევრიანების დაბლოკვითაც ემუქრება, მას შემდეგ, რაც ტირანამ 14 მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მერობის კანდიდატი, ეთნიკური ბერძენი ფრედ ბელერი დააპატიმრა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, თუ ალბანეთს ევროპის კავშირში გაწევრიანება სურს, ფრედ ბელერი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს.
ალფრედ ბელერს, რომელიც მერის არჩევნებში ოპოზიციური ბლოკის - „გამარჯვებისთვის გაერთიანებული“ იყრიდა კენჭს, ალბანეთის პროკურატურის განცხადებით, ბრალი ამომრჩეველთა მოსყიდვაში ედება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბელერი არჩევნებში გამარჯვებას ციხის საკანში შეხვდა, მან ალბანეთის ქალაქ ჰიმარას მერის თანამდებობა ვერ დაიკავა.
ფრედ ბელერი 1991 წელს შექმნილი ბერძნული უმცირესობის დემოკრატიული კავშირის - „Omonoia-ს“ პრეზიდენტია, რომლის მისიაც ალბანეთში მცხოვრები ბერძნული თემის ინტერესების დაცვა და მათთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაა.
ალბანეთმა ევროპის კავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, ევროპული გაერთიანების კანდიდატის სტატუსი კი 2014 წლიდან აქვს.
EU-ში სახელმწიფოს მიღების საკითხი კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და გაერთიანების ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.