საბერძნეთი შეერთებულ შტატებთან ერთად ფრეგატების წარმოებას განიხილავს
საბერძნეთი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკული Constellation-ის კლასის ფრეგატების ერთობლივი წარმოების შესახებ.
ამის შესახებ ორშაბათს საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა.
"ჩვენ განვიხილავთ შეერთებულ შტატებთან ერთად ახალი თაობის, Constellation-ის ფრეგატების ერთობლივ წარმოებას," - თქვა დენდიასმა ათენში, კვიპროსელ კოლეგასთან, ვასილის პალმასთან შეხვედრის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ 16 იანვარს საბერძნეთის საზღვაო ფლოტმა მიიღო წერილი აშშ-ის საზღვაო ფლოტისაგან, რომელიც ადასტურებს ინტერესს შვიდი ახალი ფრეგატის ერთობლივი წარმოების მიმართ.
დენდიასმა ასევე ახსენა მეხუთე თაობის გამანადგურებლები F-35, რომლებსაც საბერძნეთის საჰაერო ძალები შეიძენენ და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ღირებულება.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ების მიყიდვა.