საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა
საბერძნეთის 300 წევრიან პარლამენტიდან 176-მა დეპუტატმა, 76-ის წინააღმდეგ, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა.
ამ დრომდე ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროპის კავშირის 27 წევრიდან 15 სახელმწიფოში იყო დაკანონებული. საბერძნეთი ევროპული გაერთიანების მასშტაბით მე-16 და მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყნებს შორის პირველია, სადაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება ლეგალური გახდა.
კანონით გარდა იმისა, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლება მიეცემათ, დაცული იქნება მათი შვილების ფუნდამენტური უფლებებიც, რომლებიც აქამდე სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივად უგულებელყოფილი იყო.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხმა ქვეყანაში ღრმა განხეთქილების მიზეზი არ გამხდარა. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საბერძნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი (55%) შეთავაზებულ კანონპროექტს მხარს უჭერს და მათ ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე ლგბტქ თემის წარმომადგენლების ქორწინების საკითხი.
„ადამიანები, რომლებიც აქამდე უხილავი იყვნენ, ხილული გახდებიან საბოლოოდ. მათთან ერთად, ბევრი ბავშვი იპოვის თავის ღირსეულ ადგილს“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დეპუტატებს კენჭისყრის წინ.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად, ათენის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა ბიბლიიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
„საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და ჩვენი ტრადიცია ამის საშუალებას არ იძლევა...ჩვენ ვიცით და პატივს ვცემთ მხოლოდ ერთი ტიპის ქორწიენებას: მართლმადიდებელ ქრისტიანულს. ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამას, ამიტომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მკაცრად ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას ქრისტესადმი“, - დიმიტრის ნაციოსი, ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „გამარჯვების - NIKI“ ლიდერი.