“სად არის 128 მილიარდი?” თურქეთის ოპოზიციის საპროტესტო ბილბორდები

“სად არის 128 მილიარდი დოლარი?” - ამ შეკითხვით ბილბორდები სტამბოლში გამოჩნდა.

ბილბორდები თურქეთის მთავარ ოპოზიციურ ძალას, "სახალხო რესპუბლიკურ პარტიას" ეკუთვნის. 

თურქეთის პოლიციამ პოსტერების ჩამოხსნა უკვე დაიწყო, თუმცა ოპოზიციონერები მსგავსი ბილბორდების გამოფენას ისევ აპირებენ.

2019-20 წლებში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 128 მილიარდი დოლარი დახარჯა თურქული ლირის გასამყარებლად. თუმცა, ლირა გაუფასურებას მაინც განაგრძობს ინვესტიციების შემცირებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისული ვითარების გამო.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რეზერვების ხარჯვა ეკონომიკას ეხმარება.

“ერდოღანი ამბობს, რომ თქვენ კითხვაც კი არ უნდა დასვათ, - აცხადებს სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ - ის, ვინც მართავს ქვეყანას, ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული უნდა იყოს.”

პროკურატურის განმარტებით პოსტერების ჩამოხსნის მიზეზი იყო ის, რომ ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტის სასახლესთან განთავსდა, რაც ერდოღანის შეურაცხყოფაა. თურქეთში კი პრეზიდენტის შეურაცხყოფა დასჯადია.

თურქული ლირის გაუფასურება

2017 წლის შემდეგ თურქული ლირა 50%-ით გაუფასურდა. ოთხშაბათს დოლართან ლირის გაცვლითმა კურსმა 8.08-ს მიაღწია.

მთავარი ოპოზიციური ძალა, სახალხო რესპუბლიკური პარტია სავალუტო რეზერვების ხარჯვაზე კითხვებს დიდი ხანია სვამს. თურქეთის ფინანსთა მინისტრი წლების განმავლობაში ერდოღანის სიძე, ბერატ ალბაირაკი იყო.

 

მსგავსი სიახლეები