საფრანგეთი აუცრელი მოგზაურებისთვის მოთხოვნებს ამკაცრებს
საფრანგეთმა რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან მოგზაურებისთვის შესვლა გაართულა. ამ ქვეყნებში კორონავირუსის ახალ ტალღას ებრძვიან.
გერმანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან და საბერძნეთიდან აუცრელმა მოგზაურებმა საფრანგეთში შესვლისას 24 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აიცრან.
"წინ ძალიან რთული დღეებია. გთხოვთ, შემოგვიერთდით და დაარწმუნეთ ნათესავები და მეგობრები, რომ აიცრან," - თქვა მერკელმა თავის მიმართვაში.
გერმანიაში ბოლო ორ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 50,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ნიდერლანდებში შემთხვევების ზრდის გამო 3 კვირით მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ქვეყანაში კვების ობიექტები 20:00 საათზე დაიხურება, სავაჭრო ცენტრები კი 18:00-ზე.
ავსტრიაში შეზღუდვები მხოლოდ იმ რეგიონში გამოცხადდა, სადაც ვაქცინირებულების რაოდენობა ყველაზე მცირეა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.